თინა ბოკუჩავა - რუსული მეთოდებით ბრძოლა ივანიშვილის მარცხით დასრულდება, ეს გარდაუვალია! - დიმიტრი ჩიქოვანზე თავდასხმა ივანიშვილის მიერ დაანონსებული რეპრესიების სისრულეში მოყვანის უსუსური მცდელობაა

გუშინ ივანიშვილის მიერ დაქირავებული ხუთკაციანი დაჯგუფება თავს დაესხა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანს, დიმიტრი ჩიქოვანს, ეს არის რუსთაველზე ივანიშვილის მიერ დაანონსებული რეპრესიების სისრულეში მოყვანის უსუსური მცდელობა საზოგადოების დაშინების მიზნით. რუსული მეთოდებით ბრძოლა საკუთარ ხალხთან დასრულდება ივანიშვილის მარცხით და ეს გარდაუვალია,- ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

ბოკუჩავას თქმით, „საზოგადოებაში გაიზრდება არა შიში, არამედ ურთიერთსოლიდარობა და რწმენა, რომ რუსული მთავრობა აუცილებლად ერთიანი ძალებით უნდა მოვაშოროთ“.

„გუშინ ივანიშვილის მიერ დაქირავებული ხუთკაციანი დაჯგუფება თავს დაესხა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანს, დიმიტრი ჩიქოვანს. ასევე, გუშინ ასევე საკუთარ სახლთან, თავს დაესხნენ გია ჯაფარიძეს, საქართველოს უნივერსიტეტის ლექტორს და აქტივისტს. დიმასაც და გიასაც აღენიშნებათ დაზიანებები. დიმას აქვს სახის ძვლების მოტეხილობები და მძიმე დაზიანებები თავის არეში. ეს მას შემდეგ, რაც ერთი კვირა გავიდა ლევან ხაბეიშვილის უმოწყალოდ ცემის ფაქტის შემდეგ, რომელსაც უშუალოდ ესწრებოდნენ მაღალი თანამდებობის პირები ივანიშვილის დავალებით. ნაცემია ათეულობით ახალგაზრდა და აქტივისტი, უკანონოდ აკავებენ ახალგაზრდებს. შსს, რომელსაც დღევანდელ ბრიფინგზე უნდა ესაუბრა იმაზე თუ როგორ დაისჯებიან მოძალადეები, კვლავ აანონსებს რეპრესიებს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. პარალელურად, ასევე საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს ურეკავდნენ ხან დაფარული ნომრებით და ხან ღია ნომრებით. ურეკავდნენ მათ ოჯახის წევრებს, მათ მცირეწლოვან შვილებს და კონკრეტულად მათი საცხოვრებელი სახლების მისამართებზე აპელირებით ემუქრებოდნენ სიცოცხლის მოსპობით. ეს არის რუსთაველზე ივანიშვილის მიერ დაანონსებული რეპრესიების სისრულეში მოყვანის უსუსური მცდელობა. ეს არის საზოგადოებაში მასობრივი ტერორის დათესვის მცდელობა, მისი დაშინების, გაჩუმების და გაჩერების მიზნით. „რუსული კანონის“ და რუსეთისკენ აღებული გეზის დასაცავად რუსული მეთოდებით ბრძოლა საკუთარ ხალხთან დასრულდება ივანიშვილის მარცხით, ეს გარდაუვალია. საზოგადოებაში გაიზრდება არა შიში, არამედ ურთიერთსოლიდარობა და რწმენა, რომ რუსული მთავრობა აუცილებლად ერთიანი ძალებით უნდა მოვაშოროთ. ამაში დარწმუნებული ვარ, როგორც არასდროს. მაგრამ ერთი მინდა იცოდეს თითოეულმა მოძალადემ, თითოეულმა ადამიანმა, რომელიც მონაწილეობს ამ ძალადობაში აქტივისტების თუ ოპოზიციონერების წინააღმდეგ, დაქირავებული მაგინებლების წინააღმდეგაც მინდა რომ ვთქვა, რომ ძალიან მალე ხელისუფლება შეიცვლება, ეს გარდაუვალია, ეს ვიცით ყველამ. ამას ხედავენ საქართველოში საერთაშორისო მეგობრები. ამას ხედავენ ის ახალგაზრდები, რომლებიც იცავენ საქართველოს მომავალს ყოველდღე რუსთაველის გამზირზე, ხელისუფლება შეიცვლება და თითოეულ თქვენგანს მოუწევს პასუხის გაცემა დამოუკიდებელი ქართული მართლმსაჯულების წინაშე. მივმართავ სახალხო დამცველს, რომ უფრო აქტიურად ჩაერთოს პროცესებში. ასევე, მივმართავ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს, რომლებიც ძალიან დიდი ყურადღებით აკვირდებიან საქართველოში განვითარებულ მოვლენებს, რომ ახალ ნამდვილად მოქმედების დროა. იმისთვის, რომ ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით დავიცვათ საქართველოს ისტორიული ევროატლანტიკური არჩევანი და რაც მთავარია, მინდა მივმართო თითოეულ მოქალაქეს და განსაკუთრებით ახალგაზრდებს, რომლებიც იცავენ ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს - ზუსტად ვიცი, თქვენ ვერაფერი შეგაშინებთ და მინდა იცოდეთ,რომ ჩვენ თქვენს გვერდით ვარ. გვერდით გვიგულეთ ამ საერთო ბრძოლაში, რომელიც აუცილებლად თქვენი გამარჯვებით დასრულდება“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება