რამაზ ნიკოლაიშვილი - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, კონგრესი თუ სენატი ამბობს, რომ კანონის მიღების შემთხვევაში, საქართველო აშშ-ს და ევროპას დასცილდება, გადაიხედება დაფინანსების, სანქციების საკითხები და შეჩერდება დაგეგმილი პროგრამები

აშშ-ში ყველგან, ეს იქნება სახელმწიფო დეპარტამენტი, კონგრესი, სენატი, თუ არასამთავრობო ორგანიზაციები, აბსოლუტურად ყველა ამბობს, რომ ამ კანონის მიღების შემთხვევაში, საქართველო აშშ-ს და ევროპას დასცილდება, გადაიხედება დაფინანსების, სანქციების საკითხები და შეჩერდება ყველა ის პროგრამა, რომელიც საქართველოში დაგეგმილია, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა, რამაზ ნიკოლაიშვილმა განაცხადა.

როგორც ის ამბობს, სახელმწიფო მინისტრის თანაშემწეს პირადად მიაწოდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, „თუ როგორ გაიტაცეს ლევან ხაბეიშვილი და როგორ გაუსწორდნენ სასტიკად”.

„ნაციონალური მოძრაობის“ გავრცელებული ინფორმაციით, რამაზ ნიკოლაიშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზით იმყოფება.

მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში მან შეხვედრები გამართა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან, ჯეიმს ობრაიენთან, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან, ჯოშუა ჰაკსთან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპულ საქმეთა ბიუროს კავკასიის განყოფილების დირექტორთან, მარკ ქემერონთან, IFES-ის პრეზიდენტთან, ენტონი ბენბერისთან და USAID-ის ევროპის და ევრაზიის ბიუროს ხელმძღვანელის მოადგილესთან, ალექსანდრე სოკოლოვსკისთან.

„გრძელდება ჩვენი ვიზიტი აშშ-ში. საკმაოდ მნიშვნელოვანი ვიზიტია, დახუნძლულია უამრავი შეხვედრით. შევხვდით სახელმწიფო დეპარტამენტს, კონგრესმენებს, სენატორებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და იმის ნაცვლად, რომ ვესაუბრებოდეთ იმ საკითხზე, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, სამწუხაროდ საუბრის ერთადერთი თემა არის რუსული კანონი, რომელმაც ძალიან ბევრი პრობლემა მოუტანა ჩვენს ქვეყანას და პარტნიორებთან ურთიერთობა დაუძაბა. შეხვედრებზე ძალიან კარგად ჩანს აშშ-ს დამოკიდებულება, რომ ისინი მარტო სტრატეგიული პარტნიორი კი არა, ჩვენი ქვეყნის მეგობრები არიან. მათ ყველა ის ინფორმაცია მივაწოდე, რაც დღეს საქართველოში, საქართველოს ქუჩებში ხდება, თუ როგორ ძალადობენ სამართალდამცავები ქუჩებში ახალგაზრდებზე. პირადად ვესაუბრე სახელმწიფო მინისტრის თანაშემწესთან, რომელსაც მივაწოდე ინფორმაცია თუ როგორ გაიტაცეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და როგორ გაუსწორდნენ სასტიკად. ასევე ვისაუბრე სენატორ შაჰინთან. ამ ადამიანებს აქვთ აბსოლუტური ინფორმაცია საქართველოში და საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე, დარდობენ ყველაფერზე, რაც ხდება და გვეუბნებიან შემდეგს, რომ არ შეიძლება მიღებულ იქნას ეს კანონი, რომელიც საქართველოს აშშ-თან და დასავლეთთან დააცილებს. მმართველ პარტიას ეუბნებიან შემდეგს, რომ ამ ყველაფერს მოჰყვება შედეგი. IRI-ში ჩვენ გვქონდა შეხვედრა, რომელიც საკმაოდ დაძაბული იყო, გასცდა დიპლომატიურ ტაქტს და პირდაპირ თქვეს, რომ კონგრესში მიდის საუბრები სანქციებთან დაკავშირებით, რომ გადაიხედება ურთიერთობა საქართველოსა და აშშ-ს შორის და ასევე საუბარია დაფინანსების შეწყვეტაზე და იმ 83 დეპუტატის სანქცირებაზე, რომელმაც მხარი დაუჭირა რუსულ კანონს. USAID-ის ხელმძღვანელი გვეუბნება, რომ უნდა განგვეხილა ერთად და გვესაუბრა იმაზე, თუ როგორ გაგვეგრძელებინა მისიები საქართველოსთვის, მაგრამ ვერაფერს ვერ გავაგრძელებთ, სანამ ეს კანონი არ იქნება გაწვეული უკან. პენტაგონის მდივნის თანაშემწემ გვითხრა, რომ ჩვენ უნდა გვესაუბრა წვრთნებზე, დაფინანსებაზე, მაგრამ ვერ შედგა ეს საუბარი, რადგან ეს კანონი ხელს უშლის ურთიერთობას აშშ-ისა და საქართველოს შორის. თუ იქნება ეს კანონი მიღებული, ყველ პროგრამა და პროექტი, რაც არის დაგეგმილი მომავალში, შეჩერდება. ყველგან, სენატშიც, კონგრესშიც, სახელმწიფო დეპარტამენტში, აბსოლუტურად ყველგან არის ერთი თემა განსახილველი - რუსული კანონი. ისინი ამბობენ, რომ მათ სურთ საქართველოსთვის, ქართველი ხალხისთვის რაც შეიძლება მეტის გაკეთება, მაგრამ ხელისუფლება ამ კანონით გზავნის ცუდ მესიჯებს და ხელს უშლის ეს აშშ-ს განახორციელოს ის პროექტები, პროგრამები და დაფინანსებები, რაც არის დაგეგმილი მომავალში. სენატორმა შაჰინმა პირდაპირ უთხრა მმართველი პარტიის წარმომადგენელს, რომ მოუსმინონ ქართველ ხალხს და ისე მოიქცნენ, როგორც სურს ქართველი ხალხის უმრავლესობას და თუ ეს ასე არ იქნება, უნდა გესმოდეთ, რომ მოჰყვება შესაბამისი გადაწყვეტილებები. აშშ-ში ძალიან დამწუხრებულები არიან იმ ყველაფერზე, რაც ახლა საქართველოში ხდება.

შეხვედრები გვექნება კიდევ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციასთან, მათ შორის, იმ ორგანიზაციებთან, რომლებმაც არჩევნებისთვის ტექნიკური დახმარება უნდა განახორციელონ და სამწუხაროდ, დარწმუნებული ვარ, რომ იქაც საუბარი იქნება რუსულ კანონზე, რომელიც ჩვენი პარტნიორებისთვის მიუღებელია“, - განაცხადა რამაზ ნიკოლაიშვილმა, რომლის კომენტარსაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება