შალვა პაპუაშვილი - ევროკავშირიდან ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირმა დამიდასტურა, რომ სხვა ქვეყნებშიც არსებობს წუხილი „ევროპის დემოკრატიის ფონდთან“ დაკავშირებით, რომ ისინი აფინანსებენ რადიკალურ ჯგუფებს

ევროკავშირიდან ერთ-ერთმა მაღალი თანამდებობის პირმა დამიდასტურა, რომ სხვა ქვეყნებშიც არსებობს წუხილი „ევროპის დემოკრატიის ფონდთან“ დაკავშირებით, რომ ისინი ფარულად მოქმედებენ, აფინანსებენ რადიკალურ ჯგუფებს, პოლიტიკურ პარტიებს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ბათუმში, რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, მის თხოვნაზე, რომ წარმოედგინათ და გაესაჯაროებინათ აღნიშნული პროექტები, უარი მიიღო.

„ჩვენ შემდეგ შემთხვევით აღმოვაჩენთ ხოლმე, რომ შემოდის ფული, მაგალითად, დავასახელებ „ევროპის დემოკრატიის ფონდი“, რომლის ხელმძღვანელობაში არიან ზუსტად ის ევროპარლამენტარები, რომლებზეც ვსაუბრობდი. ევროპარლამენტარებიდან ორი, რომელიც გუშინ გამოდიოდა, არის „ევროპის დემოკრატიის ფონდის“ ხელმძღვანელ ორგანოში. ეს კანონი, მათ შორის ამ ფონდის გამჭვირვალობას ეხება. რა თქმა უნდა, მათი ინტერესის წინააღმდეგ არის, რომ ამ კანონმა იმოქმედოს, ვინაიდან შემდეგ გახდება ცნობილი, რას აფინანსებს „ევროპის დემოკრატიის ფონდი“ საქართველოში. აქ პირდაპირ ინტერესთა კონფლიქტიც კი არის ჩადებული ამ რეზოლუციაში, როდესაც ევროპარლამენტარები, რომლებიც მალავენ საქართველოში შემოსულ თანხებს, იძულებული იქნებიან, გაასაჯაროონ ეს თანხები. ვიტყვი მაგალითებს, შემთხვევით გავიგეთ, რომ „ევროპის დემოკრატიის ფონდი“ აფინანსებდა „დროას“, შემთხვევით გავიგეთ, რომ თურმე არსებობს ყალბი სქემა, როდესაც პარტია „დროას“აქვს შექმნილი "ენჯეო" „დროა“, რომელსაც არანაირი საკუთარი ინდივიდუალობა არ გააჩნია და ეს ფული მიდიოდა პარტიის დაფინანსებაში.

შემთხვევით გავიგეთ, რომ „ევროპის დემოკრატიის ფონდი“ აფინანსებდა „მოლოტოვის კოქტეილების“ რომანტიზების პროექტებს „სირცხვილიას“ მეშვეობით. შემთხვევით ვიგებთ ხოლმე, რომ პარტიებს მთელი სქემა აქვთ აწყობილი პარტიული „ენჯეოებისა“, რომლითაც დაფინანსება ხდება. „ევროპის დემოკრატიის ფონდთან“ დაკავშირებით საუბარი მქონდა, მათ შორის ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციის წარმომადგენელთან, მათ შორის ევროკავშირიდან ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირმა დამიდასტურა, რომ სხვა ქვეყნებშიც არსებობს წუხილი „ევროპის დემოკრატიის ფონდთან“ დაკავშირებით, რომ ისინი ფარულად მოქმედებენ, აფინანსებენ რადიკალურ ჯგუფებს, პოლიტიკურ პარტიებს. ასევე, დამიდასტურა, რომ ის გაეცნო, რა პროექტებს აფინანსებენ და იქ ნამდვილად ჩანს, რომ ეს არის პოლიტიკური ფული, თუმცა, ჩემს თხოვნაზე, რომ იქნებ წარმოედგინათ და გაესაჯაროებინათ ეს პროექტები, სამწუხაროდ, უარი მივიღე. ჩვენმა საზოგადოებამ უპირველეს ყოვლისა, უარი მიიღო ამასთან დაკავშირებით. ამიტომ, ჩვენი მიდგომა მარტივია, ჩვენ ვაკეთებთ იმას, რასაც საზოგადოება ითხოვს. საზოგადოება ითხოვს, ჰქონდეს მეტი ინფორმაცია მათ შესახებ, ვინც მათ ცხოვრებაზე გავლენას ახდენს. შესაბამისად, ამ ინტერესით ვმოქმედებთ. ხედავთ, როგორია, მათ შორის საზოგადოების მხარდაჭერა ამ საკითხთან დაკავშირებით. საქართველოს პარლამენტი გეგმავს, რომ ეს კანონი მიიღოს “, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, არა ფინანსთა სამინისტროს, არამედ საზოგადოებას აინტერესებს, რა ფინანსდება და ვისგან.

„ჩვენ ამოვდივართ იმ რეალობიდან, საჭიროა თუ არა ეს კანონი. თავად არასამთავრობო ორგანიზაციებმა 2016 წელს თქვეს, რომ საჭირო არის გამჭვირვალობა. არ არის საკმარისი არასამთავრობო სექტორის გამჭვირვალობა და საჭიროა. ჩვენ გვქონდა მცდელობა, მათ შორის ამ ერთი წლის განმავლობაში, დაგვერწმუნებინა როგორც არასამთავრობოები, ისე მისი დონორები, რომ მათ თვითრეგულირებით, პირადი ინიციატივით აეღოთ ეს ვალდებულება და გაესაჯაროებინათ, რაც 2016 წელს ჰქონდათ ნათქვამი იმ ფორმატში. სამწუხაროდ, ეს ვერ მივიღეთ. მიზეზი მარტივია, იმიტომ, რომ როგორც ჩანს, საზოგადოებისგან დასამალი არის რაღაცები“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს