მიხეილ სააკაშვილისა და თეიმურაზ ჯანაშიას ადვოკატი - გიორგი კაკაურიძე წინა მთავრობის პერიოდშიც მუშაობდა, ამ მთავრობის პერიოდშიც მუშაობს - მან ძალიან პროფესიონალურად და კეთილსინდისიერად გასცა დასმულ კითხვებს პასუხი

[გიორგი კაკაურიძე] წინა მთავრობის პერიოდშიც მუშაობდა, ამ მთავრობის პერიოდშიც მუშაობს. მან ძალიან პროფესიონალურად და კეთილსინდისიერად გასცა დასმულ კითხვებს პასუხი, - ასე შეაფასა მიხეილ სააკაშვილისა და თეიმურაზ ჯანაშიას ადვოკატმა ბექა ბასილაიამ ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება.

როგორც ის განმარტავს, კაკაურიძის ჩვენებამ თეიმურაზ ჯანაშიას ბრალეულობა "მთლიანად ჩამოანგრია".

„ეს მოწმეები რელევანტურები რომ არიან, წინასასამართლო სხდომის მოსამართლის გადაწყვეტილებით დადასტურებულია, ეს მოწმეები მე კი არ მომიწვევია, სასამართლომ დაამტკიცა დაცვის მხარის მოწმეთა ნუსხაში. შესაბამისად, პროკურორის განცხადება, რომ არარელევანტური მოწმეები მოგვყავს, აბსურდია. თუ ეს მოწმეები ბრალდების მხარის სასარგებლო ჩვენებებს იძლევიან, თვითონ რატომ არ მოიყვანეს? დაცვის მხარეს „კოჭი“ გაუგორეს და ჩვენს საქმეს აკეთებენ, რომ მათთვის სასარგებლო მოწმეები მოხსნეს? ეს ხომ აბსურდია! ამ აბსურდს რატომ ამბობს პროკურორი - გიორგი კაკაურიძის ჩვენებით, თემურ ჯანაშიას მიმართ საქმე აბსოლუტურად დაინგრა და ეს არ არის გადაჭარბებული განცხადება. მოცემული საქმე ჯანაშიას წინააღმდეგ კონტროლის პალატის აუდიტორის ჩვენებაზე დგას, რომელიც ამბობს, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს ფარული ხარჯების მუხლიდან არ უნდა გაეწია ხარჯი. დღეს, გიორგი კაკაურიძემ თქვა სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყენების შემთხვევაში, მხარჯავ დაწესებულებას თუ რომელ მუხლში უნდა ჩაუჯდეს თანხა, რომ ამას ფინანსთა სამინისტრო საზღვრავს. შესაბამისად, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ვალდებული იყო იმ მუხლიდან ეხარჯა, სადაც ფინანსთა სამინისტრომ ჩაუსვა. შესაბამისად, დანაშაული სადღაა? აუდიტორის ჩვენება გაქარწყლდა.

ახლა შევეხოთ მიხეილ სააკაშვილის ბრალდების ნაწილს. მოწმემ მკაფიოდ თქვა, კოდექსში კრიტერიუმები, რა არის გაუთვალისწინებელი ხარჯი, გაწერილი არ არის, შესაბამისად, შეიძლება სარეზერვო ფონდიდან იმ ტიპის ხარჯი დაფინანსდეს, რა ტიპის ხარჯთან დაკავშირებითაც კონკრეტულ უწყებას მანამდე ბიუჯეტი ჰქონდა გამოყოფილი. მეორე საკითხი პოლიტიკური შეფასების ნაწილია, მოგვწონს ამა თუ იმ ხარჯის გაწევა თუ არა, მაგრამ ეს სასამართლოში არ უნდა ირჩეოდეს 7-დან 11-წლამდე მუხლის ბრალდებით. ჩვენ გვაქვს რეგულაცია, რომლის მიხედვითაც, მთავრობის კანცელარიაშიც და პრეზიდენტის ადმინისტრაციაშიც, მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციაშია, ვიზაჟისტის შტატი არსებობს, მუშაობენ ადამიანები, რომლებიც მთავრობის, პრეზიდენტთა ვიზუალზე ზრუნავენ, როცა ისინი საზოგადოებას მიმართავენ, ამაში ბიუჯეტი ხელფასს იხდის, ბოდიში, თუ ეს კანონიერია, სტილისტის ხარჯი უკანონო რატომ არის? ამასთან, ყოველწლიურად რამდენიმე ასეულობით ლარი იხდება საზღვარგარეთ ელჩების შვილების სკოლამდელ განათლებაში, ანუ ბიუჯეტი სასკოლო განათლების დაფინანსების საკითხს უშვებს. შესაბამისად, აქაც უკანონობასთან ადგილი არ გვაქვს. მეორე საკითხია, ეს პოლიტიკურად ვინმეს მოსწონს თუ არა“, - აცხადებს ბასილაია.

ცნობისთვის, აღნიშნულ საქმეს, რომელსაც საზოგადოება ე.წ. პიჯაკების საქმედ იცნობს, მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშიაც. პროკურატურა ბრალდებულებს საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით - 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს