კახა კალაძე ოპოზიციას - თუ მერიის თანამშრომელს შეუძლია, თქვენ მიერ დაორგანიზებულ მიტინგზე მივიდეს, რატომ არ შეუძლია ხელისუფლების მიერ დაანონსებულ ზეიმზე და შეხვედრაზე  მოსვლა?

როგორ შეიძლება დღეს, 2024 წელს, ვინმე იძულებით სადმე წაიყვანო და გამოიყვანო? ეს წლები ხომ ჩვენ წარსულს ჩავაბარეთ და დავასრულეთ. შესაბამისად, იძულებითი წესით ადამიანების გამოყვანა ვერ იქნება, - ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას, რომელიც ეხებოდა 29 აპრილს ხელისუფლების მიერ დაგეგმილ სახალხო შეკრებაზე საჯარო მოხელეების დასწრების საკითხს.

თბილისის მერის თქმით, აქციის გამართვის დროს სამუშაო დღე უკვე დასრულებული იქნება და საჯარო მოხელეებს მასზე ნებაყოფლობით დასწრების სრული უფლება ექნებათ.

„რა, საჯარო მოხელე არ არის ამ ქვეყნის მოქალაქე? აქცია არის საღამოს 20:00 საათზე, სამუშაო დღე კი სრულდება საღამოს 18:00 საათზე. შესაბამისად, შესაძლებელია, ადამიანები გამოვიდნენ, არანაირი პრობლემა არ არის. თქვენ გაქვთ მცდელობა, რომ დათრგუნოთ ეს ადამიანები. მე მინდა, ყველას მოგიწოდოთ, მეგობრებო, არ მოუსმინოთ, იმოქმედეთ, როგორც თქვენი გული გიკარნახებთ.

დღეს ქვეყანას, ვიცით, რომ სჭირდება ერთად დგომა, დღეს ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ იმ ბოროტ ძალებზე, რომლებიც ხედავთ, რა განცხადებებს აკეთებენ, რა მოწოდებებს. დღეს, ჩვენ გვჭირდება ერთიანობა, სიმშვიდე, სიმშვიდის შენარჩუნება, შესაბამისად, საჯარო მოხელესაც, რა თქმა უნდა, აქვს უფლება და შესაძლებლობა, მოვიდეს და დაესწროს აღნიშნულ შეხვედრას. წამოიყვანეთ თქვენი შვილები, შვილიშვილები, მეზობლებსაც უთხარით, თქვენს საახლობლოს, რაც შეიძლება მოდით მეტი, ეს არის მოწოდება. თუ მერიის თანამშრომელს შეუძლია, თქვენ მიერ დაორგანიზებულ მიტინგზე მივიდეს, რატომ არ შეუძლია ხელისუფლების მიერ დაანონსებულ ზეიმზე და შეხვედრაზე მოვიდეს? რატომ არ უნდა მოვიდეს?“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კითხვაზე, სთავაზობს თუ არა დედაქალაქის მერია 29 აპრილს დაანონსებული კიდევ ერთი აქციის მონაწილეებს ალტერნატიულ სივრცეს, კალაძე განმარტავს, რომ დედაქალაქში უამრავი ადგილია და სადაც სურთ იქ შეუძლიათ გამართონ აქცია.

„სადაც უნდათ, ადგილი დედაქალაქში უამრავია. ხელს არავინ უშლის. ქვეყანაში დემოკრატია გვაქვს. მართლაც დაცულია სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, არა ისე, როგორც 2012 წლამდე ხდებოდა., მოჩვენებითად, გვეუბნებოდნენ, რომ ეს ყველაფერი ნორმა იყო და სააკაშვილის ხელისუფლების დემოკრატიის შუქურა იყო. სხვაგანაც შეუძლიათ აქცია გამართონ, არავინ შეუშლის ხელს“,- აღნიშნა კალაძემ.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს