ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია

სავარაუდოდ, ვინ შეიძლება იდგეს მოსკოვში, "კროკუს სითი ჰოლზე" თავდასხმის უკან და რა შეიძლება იყოს მომხდარის მიზეზები, რა კორექტივები შეაქვს ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომსა და წითელ ზღვაში დაძაბულობას ახალი სავაჭრო გზების ძიებაში, რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ ახლა ვაშინგტონი და ევროკავშირი ისრაელისგან „ჰამასის“ წინააღმდეგ ბრძოლის შეწყვეტას ითხოვს, „ინტერპრესნიუსი“ ევროპის უნივერსიტეტის პროფესორს, ემილ ავდალიანს ესაუბრა.

- ბატონო ემილ, ვიდრე ახლო აღმოსავლეთის თემებზე ვიმსჯელებთ, ორიოდ სიტყვით უნდა შევეხოთ მოსკოვში, კროკუს სითი ჰოლზე თავდასხმას, რომელზეც პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.

BBC- წერს, ინფორმაცია დამოუკიდებლად არ არის გადამოწმებული. დაჯგუფება წარსულში აიღო პასუხისმგებლობა ისეთ თავდასხმებზე, რომლებთანაც მას საერთო არაფერი ჰქონდა. მოსკოვში, "კროკუს სითი ჰოლში" სროლისა და ხანძრის შედეგად, ოფიციალური ცნობებით დაიღუპა 40 და დაშავდა 100-ზე მეტი ადამიანი.

ვითარებაში, როცა ვიცით, რომ რუსეთის სპეცსამსახურებს „ისლამურ სახელმწიფოსთან“ საკმაოდ მჭიდრო ურთიერთობები აქვს, ამაზე ღიად თავად პუტინი საუბრობდა, გაუგებარია, რაში დასჭირდა ამ თავდასხმის ორგანიზება „ისლამურ სახელმწიფოს“.

"კროკუს სითი ჰოლზე" თავდასხმას წინ უძღოდა პუტინის პრესმდივნის პესკოვის განცხადება იმაზე, რომ ახლა რაც უკრაინა-რუსეთს შორის ხდება, არა სპეცოპერაცია, არამედ ომია.

ამ თემაზე ახლა ბევრი ვარაუდი გამოითქმის. ფაქტია, რომ პუტინი ახლა ცდილობს ტერორიზმთან ბრძოლაში თანამშრომლობაზე დაიყოლიოს კოლექტიური დასავლეთი, რომელმაც კარგად იცის, რომ უკრაინაში 2 წელზე მეტია რუსეთი, როგორც ტერორისტული ქვეყანა მოქმედებს.

თქვენ როგორ შეაფასებდით მოსკოვში მომხდარ ტერაქტს? რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლაში კოლექტიური დასავლეთი პუტინთან ითანამშრომლებს?

- რთულია აქ რამე პროგნოზის გაკეთება. თუმცა, ტერორიზმმა მართლაც შეიძლება

სიტუაციურად დაახლოვოს რუსეთისა და დასავლეთის ქვეყნების უშიშროების სამსახურები. ერთი რამ ცალსახაა, ისლამური სახელმწიფო, რომელიც პრაქტიკულად სრულად განადგურებულად მიიჩნეოდა, ისევ გამოვიდა წინა პლანზე. სავსებით შესაძლებელია, რომ ტერორისტული აქტების მცდელობა მხოლოდ რუსეთის ტერიტორიაზე კი არა, არამედ ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაშიც მოხდეს.

რუსეთი კი უფრო მოწყვლადია თავისი გეოგრაფიული ადგილმდებარეობის გამო. ქვეყანაში ცენტრალური აზიიდან მილიონობით ჩამოსული მუშა ხელია დასაქმებული და, როგორც მოსკოვში დატრიალებულმა მოვლენებმა ცხადყო, ისლამური სახელმწიფოს პროპაგანდა ემიგრანტების მცირე ჯგუფზე მაინც მუშაობს.

ტერორიზმმა მართლაც შეიძლება სიტუაციურად დაახლოვოს რუსეთისა და დასავლეთის ქვეყნების უშიშროების სამსახურები. ერთი რამ ცალსახაა, ისლამური სახელმწიფო, რომელიც პრაქტიკულად სრულად განადგურებულად მიიჩნეოდა, ისევ გამოვიდა წინა პლანზე. სავსებით შესაძლებელია, რომ ტერორისტული აქტების მცდელობა მხოლოდ რუსეთის ტერიტორიაზე კი არა, არამედ ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაშიც მოხდეს

ამასთან ერთად, რუსეთს ჩრდილოეთ კავკასიაშიც არ აქვს ვითარება სრულად მოგვარებული. მოსკოვში სისუსტის გამოჩენის ფონზე, შესაძლებელია რეგიონში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემების გაღვივება. უკრაინაში ომის ფონზე რუსეთისთვის ტერორიზმთან ბრძოლა მეტად გაუძნელდება, რადგან ეს მოითხოვს რესურსებსა და დროს.

- ისრაელსა და „ჰამასს“ შორის და საერთოდ, უკრაინა-რუსეთის ომის ფონზე ახლო აღმოსავლეთში გამწვავებულ ვითარებაზე სასაუბროდ დაგიკავშირდით, მაგრამ, ახლა, როცა ჩვენს ბოლო მსჯელობას ახლო აღმოსავლეთის საკითხებზე ვიხსენებ, უნდა გითხრათ, რომ წლის დასაწყისში გამოთქმული თქვენი პროგნოზი რუსეთ-ირანის ურთიერთობებზე, აშკარად გამართლდა.

წლის დასაწყისში თქვენ ბრძანეთ - „2024 წელს და, დიდი ალბათობით, მომდევნო პერიოდშიც, რუსეთ-ირანის უპრეცედენტო დაახლოების მომსწრენი ვიქნებით“.

ფაქტია, რომ ირანსა და რუსეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების განსაკუთრებულ დონე სულ უფრო ხელშესახები ხდება. სულ ცოტა ხნის წინ დასავლურ მედიაში გაჟღერდა ინფორმაცია, რომ თეირანმა მოსკოვს ბალისტიკური რაკეტები მიაწოდა.

რით დასტურდება ამ ტიპის ინფორმაციები და თუ ეს ასეა, სავარაუდოდ, უკრაინა-რუსეთის ომის ფონზე ეს რას შეიძლება ნიშნავდეს ამ ეტაპზე და საერთოდ, გრძელვადიან პერსპექტივაში?

- თუ ეს ინფორმაცია სწორია, ჩვენ საქმე გვაქვს ირანსა და რუსეთს შორის ურთიერთობების მეტად გამყარებასთან, პროცესთან, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო.

წინა თვეებში დამტკიცებული ინფორმაცია თეირანსა და მოსკოვს შორის მეტად მჭიდრო სამხედრო ურთიერთობების შესახებ ერთ საინტერესო პროცესს უწყობს ხელს, რომელზეც ნაკლებს საუბრობენ.

რუსეთისთვის იარაღის მიყიდვა ისლამურ რესპუბლიკას შავი ზღვის რეგიონში ერთგვარ მოთამაშედ ხდის. ამიერიდან, დასავლეთი იძულებულია გაითვალისწინოს ირანის სამხედრო პოტენციალი და მისი როლი საკუთრივ ევროპის კონტინენტზე

ირანი შავი ზღვის რეგიონში მნიშვნელოვანი მოთამაშე ხდება. ამისთვის არაა აუცილებელი შავი ზღვის აუზის ქვეყნებში ირანული ინვესტიციები, ან სამხედრო ბაზების დაფუძნება.

რუსეთისთვის იარაღის მიყიდვა ისლამურ რესპუბლიკას შავი ზღვის რეგიონში ერთგვარ მოთამაშედ ხდის. ამიერიდან, დასავლეთი იძულებულია გაითვალისწინოს ირანის სამხედრო პოტენციალი და მისი როლი საკუთრივ ევროპის კონტინენტზე.

- უკრაინა-რუსეთისა და ისრაელსა და „ჰამასს“ შორის დაპირისპირების პარალელურად თვალს ვადევნებთ ვითარების გამწვავებას წითელ ზღვაში.

თავიდანვე ცხადად ჩანდა, რომ წითელი ზღვის კრიზისში მოსკოვიც დაინტერესებული იყო და პეკინიც. აშშ-ში შიდა პრობლემების გამო ვაშინგტონს ახლა უწევს არა მხოლოდ უკრაინისა და ისრაელის დახმარების სხვადასხვა ფორმებზე ზრუნვა, არამედ იმაზე, თუ როგორ ჩააცხროს ვითარება წითელ ზღვაში. თან იმის ფონზე, რომ ჩინეთი გააქტიურებულია წყნარი ოკეანის ბასეინის ქვეყნებში.

უკრაინა-რუსეთისა და ისრაელსა და „ჰამასს“ შორის დაპირისპირების ფონზე, რა მნიშვნელობა აქვს კრიზისს წითელ ზღვაში და სავარაუდოდ, როდის და რა შედეგით შეიძლება დასრულდეს ეს კრიზისი?

- წითელ ზღვაში მიმდინარე მოვლენები, ჰუსიტების მიერ კომერციულ გემებზე თავდასხმები, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე სხვა პროცესების თანმდევი პროცესია. ასეთი ინტენსივობის თავდასხმები უჩვეულო რამაა და პირდაპირ დაკავშირებულია ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიმდინარე ომთან.

რთულია ჰუსიტების დამარცხება. ამ ძალას მარტივად შეუძლია საჰაერო დაბომბვას გადაურჩეს და შემდეგში მოკლე დროში დანაკარგები აღიდგინოს. წითელ ზღვაში აშშ-ის მიერ წამოწყებული სამხედრო ოპერაცია არ ითვალისწინებს ჰუსიტების სრულ განადგურებას, ალბათ, იმიტომ რომ ამის გაკეთება შეუძლებელია სახმელეთო ოპერაციის გარეშე. ინტენსიური საჰაერო დაბომბვა კი ჰუსიტებს მეტად დაახლოვებს ირანთან, რაც არც ამერიკას და არც საუდის არაბეთს სურს.

წითელ ზღვაში აშშ-ის მიერ წამოწყებული სამხედრო ოპერაცია არ ითვალისწინებს ჰუსიტების სრულ განადგურებას, ალბათ, იმიტომ რომ ამის გაკეთება შეუძლებელია სახმელეთო ოპერაციის გარეშე. ინტენსიური საჰაერო დაბომბვა კი ჰუსიტებს მეტად დაახლოვებს ირანთან, რაც არც ამერიკას და არც საუდის არაბეთს სურს

ამასთან ერთად, ის პროცესები, რაც ახლა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარეობს საფუძველს უყრის ახალი სავაჭრო გზების ჩამოყალიბებას.

ამ თვალსაზრისით იკვეთება ასეთი სურათი: 1. ერთია თურქეთიდან ერაყზე სპარსეთის ყურამდე გამავალი გზა, 2. მეორე ინდოეთიდან საუდის არაბეთსა და ისრაელზე გამავალი დერეფანი, რომლის შემუშავება დროებით შეჩერებულია, 3. მესამეა ტრადიციული დერეფანი, რომელიც წითელ ზღვაზე გადის და რომლის სრულად ამუშავება მხოლოდ დროის საკითხია; 4. მეოთხე კი რუსეთ-ირანის სავაჭრო გზა, რომლითაც ბალტიის ზღვა სპარსეთის ყურეს უკავშირდება.

როგორც ვხედავთ, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე სამხედრო შეტაკებების და ომების უკან ძლიერი ეკონომიკური ინტერესები იმალება.

როგორც ვხედავთ, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე სამხედრო შეტაკებების და ომების უკან ძლიერი ეკონომიკური ინტერესები იმალება

- ამ თემებზე ჩვენი ბოლო საუბარში თქვენ ბრძანეთ - „2024 წელს აშშ-ს მეტად გაუჭირდება თავისი პოზიციების შენარჩუნება მახლობელ აღმოსავლეთში. ამას გამოიყენებენ ჩინეთი და რუსეთი, რომლებიც ირანთან, თურქეთთან, საუდის არაბეთთან თუ არაბთა გაერთიანებულ საემიროებთან მეტი მჭიდრო კავშირის დამყარებას შეეცდებიან“.

როგორც ჩანს, სულაც არ იყო შემთხვევითი, დასავლელი ლიდერებისაგან განსხვავებით დელიმ, პეკინმა, საუდის არაბეთმა და აფრიკის რიგმა ქვეყნებმა, რომლებსაც მოსკოვში აქვთ მიღებულ განათლება, არჩევნებში გამარჯვება მოულოცეს პრეზიდენტ პუტინს.

საუბარია იმ ქვეყნებზე, რომლებიც ახლო აღმოსავლეთში წამყვან როლს ასრულებენ.

ისეთი პირი უჩანს, რომ ახალი სავაჭრო გზების ჩამოყალიბების პროცესი დამოკიდებული აღარ იქნება იმაზე, სავარაუდოდ, როგორ დასრულდება უკრაინა-რუსეთის ომი. ასეა, რადგან ამ რეგიონში უპირატესობა ახლა აშკარად აშშ-ს მხარეს არაა.

უკრაინა-რუსეთის ომის ფონზე თქვენ როგორ შეაფასებდით ახლო აღმოსავლეთში აშშ-ს პოზიციებს?

- აშშ-ს ერთდროულად უწევს რამდენიმე გეოგრაფიულ არეალში არსებული კონფლიქტისთვის ყურადღების დათმობა. ეს რთულია და დღეს, ამას მსოფლიოში ვერც ერთი ქვეყანა სრული წარმატებით ვერ მოახერხებს. სხვა სიტყვებით, აშშ-ის ძალა ახლო აღმოსავლეთში შეზღუდული ხასიათისაა.

რეგიონთან ამერიკას გარკვეული სენტიმენტები გააჩნია და უდავოა ვაშინგტონის მხრიდან კონკრეტული გეოპოლიტიკური ინტერესების არსებობაც. თუმცა, გრძელვადიან პერსპექტივაში, ახლო აღმოსავლეთი არაა ის სივრცე, სადაც ახალი მსოფლიო წესრიგი იქმნება. ვაშინგტონში კარგად ესმით, რომ მომდევნო ათწლეულებზე გაწელილი ორთაბრძოლა ჩინეთთან იქნება.

გრძელვადიან პერსპექტივაში, ახლო აღმოსავლეთი არაა ის სივრცე, სადაც ახალი მსოფლიო წესრიგი იქმნება. ვაშინგტონში კარგად ესმით, რომ მომდევნო ათწლეულებზე გაწელილი ორთაბრძოლა ჩინეთთან იქნება

რუსეთიც კი, რომელიც აქტიურად ცდილობს ტერიტორიული იმპერიის აგებას, მაინც არ წარმოადგენს ამერიკისთვის ისეთ პრობლემას, როგორც ჩინეთის გლობალური ამბიციები. შესაბამისად, აშშ ფიქრობს იმაზე თუ როგორ შეამციროს ახლო აღმოსავლეთში თავისი პირდაპირი სამხედრო ჩართულობა, მეტად გადააბაროს უსაფრთხოების საკითხები თავის პარტნიორებსა და მოკავშირეებს და თვითონ კი მხოლოდ არბიტრის როლი შეასრულოს.

ამისთვის კი საჭიროა, არაბულ ქვეყნებსა და ისრაელს შორის ურთიერთობები დარეგულირდეს, რისი გაკეთებაც ამ მომენტისთვის მეტად გაძნელდა. საუდის არაბეთისთვის, რომელიც წარმმართველი არაბული ქვეყანაა, ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზება პალესტინელების სახელმწიფოს შექმნის გარეშე შეუძლებელია.აშშ-ს არ გააჩნია საერთო მიდგომა, რომელიც მოერგებოდა მთელ ახლო აღმოსავლეთს.

საუდის არაბეთისთვის, რომელიც წარმმართველი არაბული ქვეყანაა, ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზება პალესტინელების სახელმწიფოს შექმნის გარეშე შეუძლებელია.აშშ-ს არ გააჩნია საერთო მიდგომა, რომელიც მოერგებოდა მთელ ახლო აღმოსავლეთს

ალბათ, ამის გაკეთება შეუძლებელიც არის, რადგან რეგიონი ჭრელია, მრავალი განსხვავებული მოთამაშეა და მრავალი არა რეგიონული ძალაა რადიკალურად განსხვავებული ხედვებით.

თუმცა დღეს, ახლო აღმოსავლეთში ჩინეთი და რუსეთი ბევრისთვის მეტად მიმზიდველ მოთამაშეებს წარმოადგენენ, ზუსტად იმის გამო, რომ მათ არ აქვთ რეგიონის გადაწყობის ამბიცია და, როგორც ეს ჩინეთის შემთხვევაშია, შედარებით სუფთა წარსული აქვთ ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში. ისევე როგორც დამსაქმებელი, რომელიც ინტერესდება დასაქმებულის წინა სამუშაო გამოცდილებით, ასევეა გეოპოლიტიკაში: ახლო აღმოსავლეთის არაბული ქვეყნებისთვის თუ ირანისთვის ჩინეთის რეგიონთან ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია.

ახლო აღმოსავლეთის არაბული ქვეყნებისთვის თუ ირანისთვის ჩინეთის რეგიონთან ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია

მთავარი პრობლემა არის თუ როგორი მმართველობა უნდა დამყარდეს ღაზას სექტორში. დაექვემდებარება ის პალესტინის ეროვნულ ადმინისტრაციას, თუ ისრაელი მოინდომებს შედარებით ლმობიერი პოზიციების მქონე ახალი, დამოუკიდებელი არაბული ადმინისტრაციის ჩამოყალიბებას

- ვხედავთ, რომ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის დაპირისპირება იმაზე მეტ ხანს გაგრძელდა, ვიდრე ბევრი ვარაუდობდა.

ცივილიზებული სამყაროს საკმაოდ გავლენიანი მემარცხენე ძალები მოითხოვენ ისრაელისგან „ჰამასის“ წინააღმდეგ ომის შეწყვეტას. ისინი ისრაელს ბრალს სდებენ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ბრძოლას. მიუხედავად იმისა,რომ ლამის ყოველ დღე ვრცელდება ინფორმაცია „ჰამასის“ ლიდერების განადგურების შესახებ, ფაქტია, რომ „ჰამასი“ წინააღმდეგობას აგრძელებს და როგორც ჩანს, მომავალშიც გააგრძელებს.

ფაქტია ისიც, რომ ახლა ვაშინგტონი ითხოვს ისრაელისგან კატეგორიულად „ჰამასთან“ ომის შეწყვეტას. ამის შესახებ განცხადებები ისრაელში ჩასულმა სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა გააკეთა.

მანამდე, ევროკავშირის ლიდერებმა ისრაელისგან ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას ითხოვეს. კიდევ უფრო მანამდე აშშ-ს პრეზიდენტი საუბრობდა იმაზე, „ჰამასის“ წინააღმდეგ მოქმედების გზები რაფაში სახმელეთო ოპერაციის გარეშეც შესაძლებელია.

რა მოლოდინი შეიძლება არსებობდეს ისრაელსა და „ჰამასს“ შორის დაპირისპირების დასრულების პერსპექტივებზე? რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ ახლა ვაშინგტონი ითხოვს ისრაელისგან საომარი მოქმედებების დასრულებას?

- ვფიქრობ, მწიფდება ვითარება აქტიური საომარი მოქმედებების დასრულებისთვის. ისრაელმა თავისი სამხედრო მიზნების დიდ ნაწილს უკვე მიაღწია, არაბული ქვეყნების წინააღმდეგობა ძლიერდება, ხოლო ვაშინგტონიც კი სულ უფრო მეტად მოითხოვს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებას.

ამერიკას სურს ებრაული-არაბული დიალოგის გადარჩენა. მას ასევე სურს თავისი პოზიციების გამყარება საუდის არაბეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებით და ებრაულ-პალესტინურ მოლაპარაკებებში ჩინეთის როლის დაბლოკვით.

მთავარი პრობლემა არის თუ როგორი მმართველობა უნდა დამყარდეს ღაზას სექტორში. დაექვემდებარება ის პალესტინის ეროვნულ ადმინისტრაციას, თუ ისრაელი მოინდომებს შედარებით ლმობიერი პოზიციების მქონე ახალი, დამოუკიდებელი არაბული ადმინისტრაციის ჩამოყალიბებას.

„შუა დერეფანს“ არ შეუძლია შეასრულოს მთავარი სატრანზიტო როლი. გეოგრაფია და ინფრასტრუქტურის ნაკლებობა აფერხებს დერეფნის გადაქცევას ევრაზიის უმთავრეს სახმელეთო სავაჭრო არტერიად. საზღვაო გზები, ისევე როგორც რუსეთის ტრანზიტი, ცენტრალურ როლს ასრულებენ ჩინეთისა და ევროკავშირის დაკავშირების საქმეში

ალბათ ისიცაა მოსალოდნელი, რომ ცეცხლის შეწყვეტის ან სრულად ომის დასრულების შემდეგ ებრაული საჯარისო შენაერთები სრულად არ დატოვებენ ღაზას სექტორს. კიდევ ერთი მტკივნეული საკითხია გაქცეული/განდევნილი მოსახლეობის ბედი და რამდენად შესაძლებელი იქნება მათი უკან დაბრუნება. ამ მომენტისთვის რთულია რამე სცენარის გამოყოფა, რადგან ვითარება მეტად არასტაბილურია.

- როცა სავაჭრო გზებზე ვსაუბრობთ, გვერდს ვერ აუვლით „შუა დერეფანზე“ საუბარს. ამ თემაზე ბევრს კი საუბრობენ, მაგრამ, საქმე არც ისე მარტივად ჩანს.

მხედველობაში მაქვს ისე, რომ ჩინური და ყაზახური ტვირთები მაინც რუსეთის მარშრუტს იყენებენ და ასე ხვდებიან ბელორუსში და ბევრად ადრე ევროპაში, ვიდრე სხვა მარშრუტებით.

შესაძლოა ვცდები, მაგრამ, „შუა დერეფანზე“ საუბარი და იმედების დამყარება აშკარად გადაჭარბებული აღმოჩნდა, რადგან, ამ დერეფნით ყველაზე მეტად თურქეთი სარგებლობს, რომელიც აღრმავებს ეკონომიკურ ურთიერთობებს ცენტრალური აზიის ქვეყნების მონათესავე ხალხებთან ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან.

საქართველოზე ტვირთები კი გადის, თან საკმაოდ გაზრდილია მათი რაოდენობა, მაგრამ, თუ ანკარა-ერევნის ურთიერთობებმა დაახლოებისა და თანამშრომლობის ახალი დინამიკა შეიძინა, არაა გამორიცხული ანკარამ ამ პროცესში სომხეთის ჩართვა მოინდომოს.

რა პერსპექტივა აქვს „შუა დერეფანს“? თუ ამ დერეფნის პერსპექტივა არ ისე დიდია?

- „შუა დერეფანი“ მიმზიდველი ინიციატივაა და ალბათ არ იქნება სწორი სრულად უგულებელვყოთ მისი მზარდი პოტენციალი. თუმცა, გეთანხმებით, გადაჭარბებული მოლოდინის შექმნა დამაზიანებელია. ამ მომენტისთვის და ალბათ ახლო მომავალშიც „შუა დერეფანს“ არ შეუძლია შეასრულოს მთავარი სატრანზიტო როლი. გეოგრაფია და ინფრასტრუქტურის ნაკლებობა აფერხებს დერეფნის გადაქცევას ევრაზიის უმთავრეს სახმელეთო სავაჭრო არტერიად. საზღვაო გზები, ისევე როგორც რუსეთის ტრანზიტი, ცენტრალურ როლს ასრულებენ ჩინეთისა და ევროკავშირის დაკავშირების საქმეში.

დღეს, საქართველოს ისტორიული შანსი აქვს ადგილი დაიმკვიდროს ტრანსკონტინენტურ სავაჭრო გზებზე. „შუა დერეფნით“ ორი ათასი წლის წინ ჯერ კიდევ რომაელი მმართველები ინტერესდებოდნენ, თუმცა უშედეგოდ

ახალი სავაჭრო გზები სწრაფად არ იქმნება, მითუმეტეს თუ ჩვენ საქმე გვაქვს ისეთ გეოგრაფიულ შეზღუდვებთან, როგორიც ზღვებია და მთები.

ამიტომაც, „შუა დერეფნის“ ეფექტიანი ამუშავებისთვის საჭიროა ხელოვნურად პირობების შექმნა. ქვეყნებს შორის საკანონმდებლო დონეზე თანამშრომლობის გაუმჯობესება, გეოპოლიტიკურ საკითხებში საერთო თანხვედრის წერტილების წინა პლანზე წამოწევა და ა. შ.

თუმცა, მაშინაც კი თუ ინფრასტრუქტურა გაუმჯობესდება და ევროპასა და ჩინეთს შორის რუსეთის გვერდის ავლით ტვირთების გატარების სურვილი კიდევ უფრო გაძლიერდება, „შუა დერეფნის“ ტრანზიტული პოტენციალი, მსოფლიო ბანკის კვლევების მიხედვით, მაინც ვერ მიაღწევს ისეთ რიცხვებს, რომ დაჩრდილოს საოკეანო, ან რუსეთზე გამავალი სახმელეთო დერეფნები.

და მაინც, დღეს, საქართველოს ისტორიული შანსი აქვს ადგილი დაიმკვიდროს ტრანსკონტინენტურ სავაჭრო გზებზე. „შუა დერეფნით“ ორი ათასი წლის წინ ჯერ კიდევ რომაელი მმართველები ინტერესდებოდნენ, თუმცა უშედეგოდ.

ბაქო ბევრად დიდი გეოპოლიტიკური მნიშვნელობისაა მოსკოვისთვის, ვიდრე ერევანი. ამის მიზეზი გეოგრაფიაცაა, აზერბაიჯანის სამხედრო პოტენციალი და მისი მჭიდრო სამოკავშირეო ურთიერთობები რუსეთისთვის საკვანძო მოთამაშესთან, თურქეთთან

შუა საუკუნეებში „შუა დერეფნის“ იდეით არავინ ინტერესდებოდა – მსხვილი ვაჭრობა სტეპებზე, ან ირანის ტერიტორიაზე გადიოდა. მცირე დონით „შუა დერეფნის“ ამუშავება მოხდა მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში, როდესაც დახშირდა ზღვით ინდოეთიდან ბათუმამდე, შემდეგ კი კასპიამდე, იქიდან კი ცენტრალურ აზიამდე პროდუქციის გაგზავნა. გრძელვადიან პერსპექტივაში ასეთი მარშრუტი მომგებიანი ვერ იქნებოდა.

ამ მაგალითების ფონზე, ის, რაც დღეს, საქართველოს გარშემო ხდება ცალსახად ისტორიულ შესაძლებლობას წარმოადგენს: უმოკლესი გზა ევროკავშირიდან ჩინეთამდე ზუსტად ქართულ პორტებსა და გზებზე გადის.

დღეს, ისე როგორც არასდროს, საქართველოს აქვს შანსი თანამედროვე „აბრეშუმის სავაჭრო გზებზე“ დაიმკვიდროს ადგილი.

- სამხრეთ კავკასიაში აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობები სწრაფად ვითარდება. სულ უფრო ახლოსაა მომენტი, როდესაც შესაძლოა ამ ქვეყნებს შორის სამშვიდობო ზავი დაიდოს. ერევანმა ირიბად თანხმობაც კი განაცხადა ბაქოსთვის აზერბაიჯანული ანკლავების გადაცემაზე.

ფაქტია, რომ სამხრეთ კავკასიაში აშკარად ახალი რეალობა ყალიბდება. რა შეიძლება მოიმოქმედოს მოსკოვმა იმისთვის, რომ სამხრეთ კავკასიაში არ დაუშვას ახალი რეალობის ჩამოყალიბება?

- ვფიქრობ, რუსეთის პოლიტიკა სამხრეთ კავკასიისადმი იცვლება და ამის კარგ მაგალითს წარმოადგენს მოსკოვის რთული ურთიერთობები თავის მოკავშირე ერევანთან. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ტრადიციულად მიჩნეული იყო, რომ სამხრეთ კავკასიაში სომხეთი რუსეთის პოზიციონირების ქვაკუთხედს წარმოადგენდა.

გარკვეულწილად, ეს შეიძლება ასეც იყო, რადგან სომხეთში სამხედრო ბაზის შენარჩუნებით რუსეთი ახერხებს საბჭოთა დროინდელი სამხედრო პერიმეტრის შენარჩუნებას.

დღეს კი ვითარება განსხვავებულია. უდავოა, რუსეთს სურს სომხეთთან კვლავინდებურად ახლო, სამოკავშირეო ურთიერთობების შენარჩუნება, თუმცა აქ უკვე ასპარეზზე აზერბაიჯანია გამოსული. და თუ შევადარებთ ამ ორ ქვეყანას, ბაქო ბევრად დიდი გეოპოლიტიკური მნიშვნელობისაა მოსკოვისთვის, ვიდრე ერევანი.

ამის მიზეზი გეოგრაფიაცაა, აზერბაიჯანის სამხედრო პოტენციალი და მისი მჭიდრო სამოკავშირეო ურთიერთობები რუსეთისთვის საკვანძო მოთამაშესთან, თურქეთთან.

შესაძლოა, რუსეთისთვის საქართველო-აზერბაიჯანისგან შემდგარ ხაზზე აქცენტის გაკეთება უფრო მომგებიანი იყოს... საქართველოსთან სწორი ურთიერთობების აგებისთვის კი ყველაზე ოპტიმალურ გამოსავლად შეიძლება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, პირველი ეტაპზე, გარკვეული დათმობების გაკეთება იყოს

რუსეთი ასევე ხედავს იმას, რომ ურთიერთობები საქართველოსთან, მართალია ვერ მიაღწევს დიპლომატიური კავშირების აღდგენას, თუმცა დღეს, მაინც მეტად სტაბილურია, ვიდრე წინა წლებში.

შესაძლოა, რუსეთისთვის საქართველო-აზერბაიჯანისგან შემდგარ ხაზზე (დერეფანზე) აქცენტის გაკეთება უფრო მომგებიანი იყოს. ამ მომენტისთვის ეს მხოლოდ ჰიპოთეზაა, თუმცა ჭკვიანი რუსი მმართველი ყოველთვის შეეცდება საქართველოსთან ახლო ურთიერთობების აგებას. საქართველო კავკასიის ცენტრია და მის გარეშე რეგიონში გავლენის შენარჩუნება რუსეთს გაუჭირდება. შესაბამისად, საქართველოსთან სწორი ურთიერთობების აგებისთვის კი ყველაზე ოპტიმალურ გამოსავლად შეიძლება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, პირველი ეტაპზე, გარკვეული დათმობების გაკეთება იყოს.

რა თქმა უნდა, ესეც ჰიპოთეზაა. თუმცა, ჩვენ აქ ვმსჯელობთ და მოვლენების განვითარების სხვადასხვა სცენარს ვხატავთ. ვფიქრობ, ამ სცენარების საწინააღმდეგოდ ერთი რამ დგას – რუსეთის ამბიცია ტერიტორიული იმპერია ააგოს. იმპერიები კი დაკავებულ ტერიტორიებს იძულების გარეშე იშვიათად თმობენ.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ევროკავშირის Artificial Intelligence Skills Alliance-ის ARISA-ს წევრი გახდა
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო