მიხეილ სარჯველაძე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" პროექტის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე - არ მგონია, დიდი აჟიოტაჟის ატეხის საფუძველი არსებობდეს - ბევრი შეფასება, რომელსაც ვისმენთ, გადაჭარბებულია

არ მგონია, რომ ისე იყოს მდგომარეობა, რომ რაღაც დიდი აჟიოტაჟის ატეხის საფუძველი არსებობდეს ჩვენს ქვეყანაში. მე ვფიქრობ, რომ ბევრი შეფასება, რომელსაც ვისმენთ, რბილად რომ ვთქვათ, გადაჭარბებულია,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის ირგვლივ არსებულ ვითარებას.

მინისტრის თქმით, ხშირ შემთხვევებში ორმაგი სტანდარტის, სუბიექტური დამოკიდებულებების ან არასწორი ინფორმირების გამო ისმის ბრალდებები საქართველოსთან მიმართებით, რაც არასწორია.

„ნებისმიერ კანონპროექტზე აზრიანი და საგნობრივი განხილვა უნდა ხორციელდებოდეს, ეს არის, ზუსტად, რასაც დასაწყისიდან ვამბობთ, რომ ეს არის აუცილებელი. განსხვავებულ მოსაზრებებში არავითარი ტრაგედია არ უნდა დავინახოთ, ჩვენ შეიძლება გვქონდეს განსხვავებული მოსაზრებები და ამისთვის არსებობს დისკუსია პარტნიორებთანაც, ქვეყნის შიგნითაც და მის უდიდებულესობა ხალხს უნდა ჰქონდეს არჩევანის გაკეთების საშუალება ყოველთვის. არ მგონია, რომ ისე იყოს მდგომარეობა, რომ რაღაც დიდი აჟიოტაჟის ატეხის საფუძველი არსებობდეს ჩვენს ქვეყანაში. მე ვფიქრობ, რომ ბევრი შეფასება, რომელსაც ვისმენთ, რბილად რომ ვთქვათ, გადაჭარბებულია, მათ შორის, ვგულისხმობ იმ შეფასებებს, რომელსაც ვისმენთ და საქართველოს მოსახლეობას აქვს იმის განცდა, ბუნებრივია, რომ ხშირ შემთხვევებში ან ორმაგი სტანდარტის, ან სუბიექტური დამოკიდებულებების, ან არასწორად ინფორმირების გამო, არასწორია ბრალდებები, რომლებიც ისმის საქართველოსთან მიმართებით. ყოველგვარი ემოციებისგან დაცლა, საგნობრივი განხილვა სჭირდება ამ საკითხს და საგნობრივი განხილვის შედეგად ყველა დაინახავს, რომ არავითარი აჟიოტაჟის საგანი და მიზეზი საქართველოში დღეს ობიექტურად არ არსებობს. ვფიქრობ, რომ თქმა იმისა, რომ საქართველოში კანონმდებელი ან ხელისუფლება არ უსმენს საკუთარ მოსახლეობას და ამომრჩეველს, არამართებული შეფასება და არასწორი შეხედულებაა იმიტომ, რომ ჩვენ დღიდან ამ კანონპროექტზე საუბრის დაწყებისა, ვამბობთ, გაიხსნას დისკუსია და დავანებოთ თავი ყალბი იარლიყების მიწებებას”, - განაცხადა მინისტრმა.

რაც შეეხება აქციებს, სარჯველაძის თქმით, არ შეიძლება საერთაშორისო საზოგადოებას ისე მიეწოდოს ინფორმაცია, თითქოს პროტესტის მონაწილეები აბსოლუტურად კანონის ჩარჩოებში მოქმედებდნენ.

„ვფიქრობ, რომ რასაც ვადევნებდით თვალს მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ იყო შემთხვევები, როდესაც პროტესტის გამომხატველმა ადამიანებმა, ერთმა ნაწილმა მაინც, განიზრახა, რომ გასცდენოდა იმ ფარგლებს, რასაც კანონმდებლობა ადგენს. ასეთ დროს, ბუნებრივი და რელევანტურია სამართალდამცველი სტრუქტურების მხრიდან რეაგირება. თუ სადმე, რომელიმე შემთხვევაში ადგილი ჰქონდა გადაცდომას ამ მიმართულებით, ბუნებრივია, რომ ამასაც უნდა ჰქონდეს სათანადო რეაგირება. მაგრამ არ შეიძლება, რომ სამოქალაქო საზოგადოებას სიმართლედ შევასაღოთ ის გარემოება, რომ თითქოს მომიტინგეები იყვნენ აბსოლუტურად კანონმდებლობის მოთხოვნათა ფარგლებში, - განაცხადა მინისტრმა.

ის აშშ-ის მიწვევაზე პრემიერ-მინისტრის უარსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ როდესაც პირობის წამოყენება ხდება პარტნიორული განხილვისთვის და მხოლოდ ამ პირობით ვიზიტის დაგეგმვა, ეს უხერხულად გამოიყურება.

„ეს არ არის მთავარი სულისკვეთება, რომელიც თანმხლები უნდა იყოს ნებისმიერი პარტნიორული ურთიერთობისთვის",- განაცხადა სარჯველაძემ.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს