Reuters - საქართველოს პრემიერ-მინისტრი „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით აშშ-ისა და ევროკავშირის კრიტიკას უარყოფს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით აშშ-ისა და ევროკავშირის კრიტიკას უარყოფს, - ასე ეხმაურება სააგენტო Reuters-ი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველთან, დერეკ შოლესთან საუბრის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას.

„პარასკევს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით აშშ-ისა და ევროკავშირის კრიტიკა უარყო და განაცხადა, რომ კანონპროექტის ოპონენტებს შინაარსობრივ დებატებში ჩართვა არ სურთ. პარასკევს, რამდენიმე ათასი დემონსტრანტი წინააღმდეგობის გამოხატვის მიზნით ქუჩებში კვლავ გამოვიდა და მსვლელობით მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ შტაბ-ბინისკენ დაიძრა, ხოლო შემდეგ მართლმადიდებლური აღდგომის წინ, წმინდა პარასკევის წირვას დაესწრო“, - წერს Reuters-ი.

სააგენტო წერს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თავისი იმედგაცრუება ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან საუბარშიც გამოხატა.

„ევროკავშირმა და აშშ-მა თბილისს მოუწოდეს, რომ კანონპროექტზე უარი თქვას, წინააღმდეგ შემთხვევაში ევროკავშირში გაწევრიანების შანსებსა და უფრო ფართო ევროატლანტიკურ მომავალს საფრთხე დაემუქრება. დაპირისპირება უფრო ფართო ბრძოლის ნაწილად განიხილება, რომელმაც შეიძლება გასაზღვროს, საქართველო, 3,7 მილიონიანი ქვეყანა, რომელმაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ომი და რევოლუცია გამოსცადა, დაუახლოვდება ევროპას თუ მოსკოვის გავლენას დაუბრუნდება“, - ნათქვამია Reuters-ის სტატიაში.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს