გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის უფროს მკვლევარს, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს, ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის საკითხებში მთავარ მომლაპარაკებელს, გიგი გიგიაძეს ესაუბრა.

- ბატონო გიგი, ხელისუფლების ორგანიზებული საყოველთაო სახალხო შეკრება შედგა და გვინდა გთხოვოთ ამ ღონისძიებაზე შთაბეჭდილებების გაზიარება.

შეკრებაზე ახალი არაფერი ისეთი არ თქმულა, რაც ხელისუფლების წარმომადგენლებს მანამდე არ უთქვამთ. მაგრამ, რადგან დაანონსებული იყო შეკრებაზე „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის გამოსვლა, ბუნებრივია, ყველაზე საინტერესო იყო ის, სადაო კანონთან დაკავშირებით ჩვენი დასავლელი პარტნიორების უარყოფითი პოზიციების დაფიქსირების შემდეგ თუ რას ეტყოდა იგი ჩვენს ვაშინგტონელ და ევროპელ პარტნიორებს, თავის მხარდამჭერებს, ასევე რუსებს. ახლა ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკა შეცვლილია.

მოდით მთავარი თემით დავიწყოთ. ყველა ხვდება, რომ დავა კანონზე უცხო ქვეყნის გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, უფრო ქვეყნის ორიენტაციის საკითხს უკავშირდება. სავარაუდოდ, რა უთხრა ივანიშვილმა ჩვენს ვაშინგტონელ და ევროპელ პარტნიორებს?

- ხელისუფლების მხარდამჭერთა შეკრებაზე გამოსვლით ივანიშვილმა ჩვენი ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები დაადანაშაულა საქართველოში აგენტურული ქსელის შექმნაში. ივანიშვილმა თქვა, რომ 2003 წელს დასავლეთმა ხელისუფლებაში მოიყვანა აგენტურული ხელისუფლება და იმ პერიოდიდან მოყოლებული ჩვენი პარტნიორები არასამთავრობო სექტორის საშუალებით ახორციელებენ აგენტურულ საქმიანობას.

ივანიშვილის განცხადებები იყო შეჯამება იმ რიტორიკის, რაც ხელისუფლებისაგან აქამდე გვესმოდა. ეს განცხადებები იყო ღია განაცხადი იმაზე, რომ საქართველოს საგარეო კურსი შემოტრიალებულია დასავლეთიდან რუსეთისკენ. მან ასევე ღიად თქვა, რომ საქართველოში იგეგმება რეპრესიები, მათ შორის ამ კანონის მიღებისთანავე. ივანიშვილის შეკრებაზე გამოსვლის შემდეგ ნათლად გამოჩნდა თუ ვინ დგას ამ კანონის მაქსიმალურად დაჩქარებულ რეჟიმში მიღებისა და ამოქმედების უკან.

ივანიშვილის განცხადებები იყო შეჯამება იმ რიტორიკის, რაც ხელისუფლებისაგან აქამდე გვესმოდა. ეს განცხადებები იყო ღია განაცხადი იმაზე, რომ საქართველოს საგარეო კურსი შემოტრიალებულია დასავლეთიდან რუსეთისკენ

ივანიშვილმა არ დამალა რომ კანონის მიღება ხდება მისი გადაწყვეტილებით და ის არის პასუხისმგებელი ამ კანონზე, რომელიც თავისი არსით არის ანტისახელმწიფოებრივი, ანტიდასავლური და საქართველოს წინააღმდეგ მიმართული კანონი.

- კანონთან დაკავშირებით ჩვენი დასავლელი პარტნიორების აშკარად უარყოფითი დამოკიდებულების გარდა ჩვენ ვნახეთ 14 ამერიკელი სენატორის პრემიერ ირაკლი კობახიძისადმი წერილი, რომლის ბოლო ორი აბზაცი, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან მძიმეა.

გასაგებია, რომ ვაშინგტონი და ბრიუსელი დაელოდებიან კანონის საბოლოოდ მიღებას, მაგრამ მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა საქართველოს მთავარ საფრთხედ დასავლეთი დაასახელა და არჩევნების შემდეგ არასამთავრობო სექტორის მიმართ რეპრესიები დააანონსა, სავარაუდოდ, როგორი იქნება ივანიშვილის განცხადებებზე ვაშინგტონისა და ბრიუსელის რეაქცია?

- ის რეაქცია, რომელსაც ჩვენ ჩვენი დასავლელი პარტნიორებიდან ვხედავთ, მოწმობს იმას, რომ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს მათ შორის ამერიკელ პარტნიორებს კარგად აქვთ გააზრებული თუ რა ხდება საქართველოში.

იმ შემთხვევაში, თუ ეს კანონი რეალურად იქნა მიღებული, ის კრიტიკა რომელიც ჩვენ ვაშინგტონიდან და ბრიუსელიდან გვესმის კიდევ უფრო გაძლიერდება. მე არ გამოვრიცხავ სანქციების დაწესების შესაძლებლობებსაც. იმიტომ, რომ ამაზე დიდი ხანია არის საუბარი და ახლაც აქტიურად განიხილება.

ის რეაქცია, რომელსაც ჩვენ ჩვენი დასავლელი პარტნიორებიდან ვხედავთ, მოწმობს იმას, რომ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს მათ შორის ამერიკელ პარტნიორებს კარგად აქვთ გააზრებული თუ რა ხდება საქართველოში

„ქართული ოცნება“ კი აცხადებს და ცდილობს ქართული საზოგადოება და პარტნიორები დაარწმუნოს რომ ისინი პროევროპული და პროდასავლურები არიან, მაგრამ, ახლა ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ ყველა ხვდება, რომ ეს ასე არაა. ისინი რეალურად არ წარმოადგენენ პროდასავლურ ძალას, არ არიან დაინტერესებული ევროპულ ინტეგრაციაში.

გუშინ ძალიან ნიშანდობლივი იყო ის, რომ ივანიშვილმა წინასწარ გათვალა ბევრი რამ, და ასევე თქვა, რომ საქართველო 2030 წელს ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდება. ვფიქრობ, რომ იმ ტყუილების კასკადში, რასაც ბოლო დღეებია ხელისუფლებიდან ვისმენთ, ეს არის ყველაზე დიდი ტყუილი.

გუშინ ძალიან ნიშანდობლივი იყო ის, რომ ივანიშვილმა წინასწარ გათვალა ბევრი რამ, და ასევე თქვა, რომ საქართველო 2030 წელს ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდება. ვფიქრობ, რომ იმ ტყუილების კასკადში, რასაც ბოლო დღეებია ხელისუფლებიდან ვისმენთ, ეს არის ყველაზე დიდი ტყუილი

ტყუილი, რადგან კარგად ჩანს, რომ ამ კანონის მიღების შემდეგ, არა მარტო წარმოუდგენელი გახდება ევროკავშირთან ქვეყნის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყება, არამედ არაა გამორიცხული საფრთხე დაემუქროს საქართველოს მიერ მიღებულ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსსაც. ასევე ევროპასთან უვიზო-მიმოსვლასაც.

- ცხადია, რომ ივანიშვილის განცხადებების ადრესატი ჰყავდა ქვეყნის გარეთ და ქვეყნის შიგნით.

ივანიშვილმა მხარდამჭერებს უთხრა - „გაძლევთ პირობას, რომ ყველა წინააღმდეგობას გადავლახავთ, სუვერენიტეტსაც გავამტკიცებთ, მშვიდობასაც შევინარჩუნებთ და 2030 წელს გავხდებით ევროკავშირის წევრი“.

„სუვერენიტეტის გამტკიცებაზე“ საუბარმა დატოვა შთაბეჭდილება, თითქოს კონფლიქტებთან დაკავშირებითაც გადაიდგმება გარკვეული ნაბიჯები. ასეთი განცდა გააჩინა იმანაც, რომ ექს-პრემიერმა და პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა ყურადღება გაამახვილა იმაზეც , რომ „მუდმივი მტრები არ არსებობენ“. მინიშნება აშკარად რუსეთზე იყო. ანუ, ამ რიტორიკამაც გააღრმავა განცდა, რომ ხელისუფლებას კონფლიქტებთან მიმართებაში ნაფიქრი აქვს და მათ გადაწყვეტას ვარაუდობს არა დასავლეთთან, არამედ რუსეთთან ერთად.

ამ განცხადებებით ერთი მხრივ რა უთხრა ივანიშვილმა მხარდამჭერებს, ხოლო მეორე მხრივ რუსეთს?

- მსგავსი განცხადებებით „ქართული ოცნება“ ცდილობს საზოგადოებაში გააჩინოს განცდა, თითქოს მათ რუსეთთან ურთიერთობის ალტერნატიული გეგმა აქვს, რომლითაც ისინი შეძლებენ რუსეთთან ურთიერთობების აწყობას თუ დალაგებას და ამის ხარჯზე რაღაცის მიღებას. ეს ადამიანებს აფიქრებინებს, რომ ამის სანაცვლოდ საქართველომ კონფლიქტებთან დაკავშირებით წინსვლა ექნება.

„ქართული ოცნება“ ცდილობს საზოგადოებაში გააჩინოს განცდა, თითქოს მათ რუსეთთან ურთიერთობის ალტერნატიული გეგმა აქვს, რომლითაც ისინი შეძლებენ რუსეთთან ურთიერთობების აწყობას თუ დალაგებას და ამის ხარჯზე რაღაცის მიღებას. ეს ადამიანებს აფიქრებინებს, რომ ამის სანაცვლოდ საქართველომ კონფლიქტებთან დაკავშირებით წინსვლა ექნება

მეორე საკითხია თუ რამდენად იჯერებს ამას ამომრჩეველი. ქართულმა საზოგადოებამ კარგად იცის თუ როგორ იქცევა ბოლო 30 წელზე მეტია საქართველოსთან მიმართებაში რუსეთი. რუსეთი ახლა აგრძელებს კონფლიქტის ზონაში მცოცავ ოკუპაციას მიწების მიტაცებითა და ადამიანების გატაცებებით. ვინაც შეიძლება დაიჯეროს რომ რუსეთთან ურთიერთობების დალაგება შესაძლებელია, უნდა იცოდეს, რომ ვინც ამაზე საუბრობს, ხალხს უდიდეს ტყუილს ეუბნება. ხელისუფლებამ ეს კი იცის, მაგრამ ცდილობს ამგვარი განცდები გააჩინოს საზოგადოებაში.

ვინც შეიძლება დაიჯეროს რომ რუსეთთან ურთიერთობების დალაგება შესაძლებელია, უნდა იცოდეს, რომ ვინც ამაზე საუბრობს, ხალხს უდიდეს ტყუილს ეუბნება. ხელისუფლებამ ეს კი იცის, მაგრამ ცდილობს ამგვარი განცდები გააჩინოს საზოგადოებაში

ამის გარდა, ხელისუფლება ბოლო ორი წელია ამბობს, რომ მათ „ასეთი ევროპა არ უნდათ“. ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ, ერთადერთი, რასაც ისინი ვერაფერს ვერ უხერხებენ, ეს გახლავთ ქართულ საზოგადოებაში ძალიან დიდია მხარდაჭერა ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების. გასულ წელს ჩატარებული სოციოლოგიური კვლევებით 90%-მდე იმათი რაოდენობა, ვინც მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციას.

ხელისუფლების მთავარი სამიზნე ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ხელისუფლება ცდილობს ევროპული ინტეგრაციის მხარდამჭერების 50%-მდე ჩამოწევას და შემდეგ იმას, რომ რუსეთი უფრო აქტიურად შემოვიდეს საქართველოში. როცა 90% პროევროპულადაა განწყობილია, ღიად პრორუსულ პოლიტიკას ვერ გაატარებ. საბედნიეროდ, ხელისუფლება ანტიევროპული რიტორიკის შედეგად სრულიად საპირისპირო შედეგს იღებს.

- პასუხგაუცემელ კითხვად რჩება - ივანიშვილმა და მმართველმა გუნდა ახლა რატომ გააკეთა ღიად ანტიდასავლური განცხადებები და რატომ არ დაიტოვა პოლიტიკური მანევრის საშუალება?

- ჩემი აზრით, ეს იყო მოსკოვიდან პირდაპირი დავალება. ხელისუფლებას მოსკოვიდან აქვს მიღებული დირექტივა, რომ მათ, რაც შეიძლება სწრაფად მიიღონ ანტიდასავლური კანონი.

დავალება. ხელისუფლებას მოსკოვიდან აქვს მიღებული დირექტივა, რომ მათ, რაც შეიძლება სწრაფად მიიღონ ანტიდასავლური კანონი

მეორე მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ ისინი აპირებენ ამ კანონის რაც შეიძლება სწრაფად ამოქმედებას. თუ მიიღეს მესამე მოსმენით, 10 სექტემბრამდე აამოქმედებენ. რაც მათ არჩევნებზე დამატებით ბერკეტებს მისცემს არჩევნების გასაყალბებლად.

- თუ სწორად მახსოვს, ამბობდნენ რომ ეს კანონი მომავალი წლიდან ამოქმედდება?

- ამ თემაზე სხვადასხვა მოსაზრებები არსებობს. არ მინდა შეცდომაში შეგიყვანოთ, მაგრამ, ჩემი ინფორმაციით ხელისუფლებას უნდა ეს კანონის 10 სექტემბრის შემდეგ აამოქმედოს. ჩვენ რომელ იურისტსაც ამ თემაზე ვესაუბრეთ, ამგვარი განმარტება მოგვცა. ერთ-ერთი მიზეზი სწრაფად მიღების ესაა.

მაგრამ, კანონის დაჩქარებულად მიღების მთავარი მიზეზი გახლავთ ის, რომ ამ კანონთან დაკავშირებით „ქართულმა ოცნებამ“ რუსეთიდან მიიღო ძალიან მკაცრი დავალება იმაზე, რომ ეს კანონი, რაც შეიძლება მალე ყოფილიყო მიღებული და მას დაეწყო მოქმედება.

კანონის დაჩქარებულად მიღების მთავარი მიზეზი გახლავთ ის, რომ ამ კანონთან დაკავშირებით „ქართულმა ოცნებამ“ რუსეთიდან მიიღო ძალიან მკაცრი დავალება იმაზე, რომ ეს კანონი, რაც შეიძლება მალე ყოფილიყო მიღებული და მას დაეწყო მოქმედება

- კანონის მიღების გამო დაწყებულმა აქციებმა, შემდეგ ამ აქციებზე ხელისუფლების მიერ ორგანიზებულმა აქციამ გააჩინა განცდა, რომ ქვეყანა სრულმასშტაბიან კრიზისში შედის.

ფაქტია ისიც, რომ კრიზისს სტარტი ოპოზიციამ კი არა, არამედ მმართველმა გუნდმა მისცა. ხელისუფლება კი აცხადებს, რომ „ყველაფერი გათვლილი გვაქვსო,“ მაგრამ, სავარაუდოდ, როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები არა მარტო კანონის მიღებამდე, არამედ კანონის მიღების შემდეგ არჩევნებამდე?

- ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ნამდვილად გამიჭირდება. მაგრამ, დაზუსტებით შემიძლია ვთქვა - 29 აპრილს ძალით მოყვანილი ხალხი არ წარმოადგენს ქვეყნის რეალურ უმრავლესობას. დაშინებით, მოსყიდვით სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებებით თბილისში ჩამოყვანილი ხალხი რეალურად არ ასახავენ ქვეყნის მოსახლეობის განწყობებს.

დაშინებით, მოსყიდვით სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებებით თბილისში ჩამოყვანილი ხალხი რეალურად არ ასახავენ ქვეყნის მოსახლეობის განწყობებს

მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ კანონი პარლამენტში მისაღებად მეორედ შემოიტანა, გააქტიურდა საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი. საუბარი არაა მხოლოდ ახალგაზრდებზე, არამედ სხვადასხვა ასაკის მოქალაქეებზე, რომლებიც თვითორგანიზებით უწყვეტად იკრიბებიან პარლამენტის წინ და აპროტესტებენ ამ კანონის მიღებას. ამ ადამიანებს რეალური აღქმა აქვთ თუ რა ხდება დღეს ქვეყანაში.

ხელისუფლება კი ამბობს „ყველაფერი გათვლილი გვაქვსო“, მაგრამ, რასაც მე ვხედავ, ხელისუფლებას აშკარად არ აქვს ყველაფერი გათვლილი. ყველაზე მისასალმებელია ის, რომ ახალგაზრდა თაობაა გააქტიურებული. მათ ხელისუფლება ვერასდროს ვერ აკონტროლებდა და ახლაც ვერ აკონტროლებს. ხელისუფლების რიტორიკა და ნარატივები ამ თემაზე ახალგაზრდებზე არ მოქმედებს და დიდი იმედი მაქვს, რომ არ იმოქმედებს.

ჩვენ ახლა გვაქვს სიტუაცია, როდესაც რეალურად ორი მხარე არ არსებობს. თუ რამეზე შეიძლება საუბარი, ესაა ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა, რომელსაც უნდა ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანება, და არის დანარჩენი ნაწილი საზოგადოების, რომელიც ამ საკითხებზე სხვანაირად ფიქრობს.

ხელისუფლება ვერ ახერხებს „რუსულ კანონზე“ აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი „შავ“-„თეთრი“.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება